სასწავლო-შემოქმედებითი საგნობრივი კონფერენცია AIA-GESS-ში
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ში ყოველწლიურად, ტრადიციულად აპრილის თვეში, იმართება სასწავლო-შემოქმედებითი საგნობრივი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ V, VI და VII კლასების მოსწავლეები. აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა აკადემიური და პიროვნული განვითარების პროცესში.
კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეები, საგნის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, ირჩევენ მათთვის საინტერესო თემებს, ამუშავებენ ინფორმაციას და ამზადებენ საპრეზენტაციო მასალას - პოსტერის ან პრეზენტაციის სახით. ნაშრომების წარდგენა ხდება აუდიტორიის წინაშე, რაც ხელს უწყობს მათი მეტყველების, პრეზენტაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.
წლევანდელი კონფერენცია გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებით და აქტიური ჩართულობით. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაშრომები სხვადასხვა საგნობრივ მიმართულებაში, მათ შორის: ქართული ენა, ინგლისური ენა, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ფიზიკა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ასევე სპორტი და ხელოვნება. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ნაშრომები ისეთ საგნებში, როგორიცაა „ჩემი საქართველო”, მოქალაქეობა, Sciences (ინგლისურენოვანი), ესპანური და რუსული ენები.
სესიების განმავლობაში მოსწავლეებმა გამოავლინეს მაღალი აკადემიური დონე, შემოქმედებითი მიდგომა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, ასევე კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი აქტიურობა, ჩართულობა და პასუხისმგებლობით მიდგომა შესრულებული სამუშაოს მიმართ.
ღონისძიება ტრადიციულად გაიმართა პოზიტიურ და მეგობრულ გარემოში, რაც ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას.
კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატით, ხოლო საუკეთესო მომხსენებლებს გადაეცემათ დამატებითი პრიზები.
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS მადლობას უხდის ყველა მონაწილესა და პედაგოგს აქტიური ჩართულობისა და გაწეული შრომისთვის და ულოცავს მოსწავლეებს წარმატებულ გამოსვლებს.









