AIA-GESS-ის მოსწავლე International Swiss Talent Forum 2026-ზე
AIA-GESS-ის მოსწავლე ანასტასია ბოლქვაძე მონაწილეობდა International Swiss Talent Forum 2026-ში - ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმში ახალგაზრდა მეცნიერებისთვის. აღსანიშნავია, რომ მთელი საქართველოდან ფორუმზე სწორედ ის იყო წარმოდგენილი. ანასტასია არის ევროკონკურსის EUCYS 2023-ის მონაწილე და კონკურსის „მე ახალგაზრდა მეცნიერის” გამარჯვებული.
International Swiss Talent Forum (ISTF) ყოველწლიურად ტარდება შვეიცარიაში და აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ახალგაზრდებს, რომლებიც ერთად მუშაობენ თანამედროვე გლობალური გამოწვევების გააზრებასა და მათზე ინოვაციური გადაწყვეტილებების მოძიებაზე.
ფორუმის 2026 წლის მთავარი თემა იყო „Water - Elixir of Life”, რომელიც შეეხებოდა წყლის მნიშვნელობას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საერთაშორისო გუნდებში სამი დღის განმავლობაში ემუშავათ იდეებსა და პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა წყლის რესურსებთან დაკავშირებული გლობალური პრობლემების გადაჭრას.
პროგრამის ფარგლებში გაიმართა ტრენინგები, ვორქშოპები და მენტორთა სესიები, სადაც ახალგაზრდები მუშაობდნენ დარგის პროფესიონალებთან და ცნობილ მეცნიერებთან ერთად.
ფორუმის მონაწილეთა ყველა ხარჯი დაფარული იყო ორგანიზაციის Swiss Youth in Science მიერ, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს ახალგაზრდა მეცნიერებს შვეიცარიაში.
ვულოცავთ ანასტასიას ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებას და წარმატებებს ვუსურვებთ მის სამეცნიერო გზაზე!




