ეკო-განათლება აია-ჯესს-ში
ეკო-განათლება აია-ჯესსში უკვე ტრადიციად იქცა. წელს, “აიას ბიოლოგებს” ქიმიისა და ფიზიკის კლუბებიც შეუერთდნენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეკოლოგიური თემებისადმი ინტერდისციპლინარული მიდგომის მნიშვნელობას.
ღონისძიების მთავარი თემა ნარჩენების მართვა და გადამუშავება იყო.
ბიოლოგიის კლუბის წევრებმა მოსწავლეებს წარუდგინეს ნარჩენებისგან შექმნილი სასწავლო მასალები - კროსვორდები, თავსატეხები და ინტერაქტიული თამაშები, რომლებიც უმცროსკლასელებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის განვითარებას უწყობს ხელს.
ფიზიკის კლუბის მენტორმა აჩვენა, როგორ შეიძლება ძველი ბოთლების გამოყენებით წყლის შადრევნის მოდელის შექმნა - საინტერესო და ხელმისაწვდომი გზა ფიზიკური პროცესების გასაცნობად.
ქიმიის კლუბის წევრებმა მოსწავლეებს გაუზიარეს პრაქტიკული რჩევები: როგორ შევინარჩუნოთ ტანსაცმელი, ამოვიყვანოთ სხვადასხვა სახის ლაქა და ა.შ.
საერთო ძალისხმევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანი კი არა, გაცნობიერებული საერთო პასუხისმგებლობაა. ინიციატივის მიზანია, თითოეულ მოსწავლეს შეაგრძნობინოს, რომ პატარა ქმედებებსაც შეუძლია მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებების გამოწვევა.




