„Beyond Borders, Between Hearts” - კულტურების გაცნობა, მეგობრობის გაღრმავება და ახალი კავშირების დამყარება
🤝 სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესსი” საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში - „Beyond Borders, Between Hearts” - მონაწილეობს. პროექტი საქართველოს, რუმინეთისა და თურქეთის ახალგაზრდებს აერთიანებს და მიზნად ისახავს კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას, ურთიერთპატივისცემისა და საერთაშორისო მეგობრობის ხელშეწყობას. პროგრამა ცხრა თვის განმავლობაში გაგრძელდება.
🌐 პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ონლაინშეხვედრები და საერთაშორისო გაცვლითი ვიზიტი, რომლის დროსაც მოსწავლეები სამი ქვეყნის კულტურულ იდენტობას, ტრადიციებსა და ღირებულებებს გაეცნობიან. ინტერაქტიული ვორქშოფების, ჯგუფური დისკუსიების, კულტურული პრეზენტაციებისა და შემოქმედებითი აქტივობების საშუალებით ისინი ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, აღმოაჩენენ საერთო ღირებულებებს და განსხვავებული პერსპექტივების დაფასებას ისწავლიან.
🎨 პროექტი ასევე ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას, ინგლისურ ენაზე ურთიერთობის პრაქტიკის გაღრმავებასა და სტერეოტიპების დაძლევას. საერთაშორისო გუნდებში თანამშრომლობა მათ შესაძლებლობას მისცემს, დაამყარონ ახალი კავშირები და უკეთ გაიაზრონ კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობა.
💙 „Beyond Borders, Between Hearts” ეფუძნება მნიშვნელოვან იდეას: იმისთვის, რომ ერთმანეთთან საერთო ენა გამოვნახოთ და მეგობრობა შევძლოთ, აუცილებელი არ არის, ერთნაირები ვიყოთ. განსხვავებული კულტურები და გამოცდილებები ადამიანებს აახლოებს, როდესაც ურთიერთობას პატივისცემით, ინტერესითა და ურთიერთგაგებით ვუდგებით.




