გაცვლითი პროექტი, რომელმაც თბილისელი და სვანი ახალგაზრდები დააახლოვა
AIA-GESS-ის, მესტიის №2 საჯარო სკოლისა და უშგულის საჯარო სკოლის ერთობლივმაგაცვლითმა პროექტმა „სიტყვა და პასუხისმგებლობა: თაობათა მემკვიდრეობა” თბილისელი და სვანი მოსწავლეები საერთო კვლევითი და კულტურული გამოცდილების გარშემო გააერთიანა.
პროექტის პირველი ეტაპი თბილისში გაიმართა, სადაც AIA-GESS-მა და მონაწილეების ოჯახებმა სვანეთიდან ჩამოსულ 12 მოსწავლეს, სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს უმასპინძლეს. მონაწილეები მუშაობდნენ კვლევის დაგეგმვაზე, ამზადებდნენ ფოკუს-ჯგუფების კითხვებს, მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო აქტივობებში და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასა და კულტურას უზიარებდნენ.
მეორე ეტაპზე პროექტის მონაწილეებს სვანეთში უმასპინძლეს. მოსწავლეების მასპინძელ ოჯახებში ცხოვრება გაცვლითი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და მათ ერთმანეთის ყოველდღიური ცხოვრების, ტრადიციებისა და ღირებულებების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მისცა.
ერთობლივი კვლევის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს თემა „სიტყვა და პასუხისმგებლობა: თაობათა მემკვიდრეობა”, ჩაატარეს ინტერვიუები და ფოკუს-ჯგუფები, შეხვდნენ უხუცესებს, მასწავლებლებსა და სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს და მოისმინეს მათი ისტორიები სიტყვის ფასზე, პასუხისმგებლობასა და თაობიდან თაობას გადაცემულ ღირებულებებზე.
კვლევა უკვე დასრულებულია, ხოლო ამჟამად პროექტის დოკუმენტურ ფილმზე მიმდინარეობს მუშაობა. ფილმი მიღებულ გამოცდილებასა და მონაწილეების ისტორიებს უფრო ფართო აუდიტორიას გაუზიარებს.
პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის AIA-GESS მადლობას უხდის მესტიის №2 საჯარო სკოლას, უშგულის საჯარო სკოლას, მასპინძელ ოჯახებს, მოსწავლეებსა და პედაგოგებს თანამშრომლობისა და აქტიური ჩართულობისთვის.




