
დღეს, 9 სექტემბერს, გიმნაზია "აია-ჯესს”-ში მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც 20-მდე ქვეყნის, 50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.
კონფერენციის მიზანია საგანმანათლებლო სექტორში მთავარი ღირებულებებისა და ახალი მეთოდიკის დანერგვა, საერთაშორისო საგანმანათლებლო ფონდების მაქსიმალური ჩართულობით, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და შესაბამისი უნარების მქონე მოსწავლეების გაცვლითი პროგრამების მომზადება, სასწავლო პროცესში თანამედროვე მეთოდების გაზიარება და მომავალ თაობაში ძირითადი საგანმანათლებლო ღირებულებების ჩამოყალიბება.
კონფერენცია, რომელშიც აშშ-ის, გერმანიის, ლუქსემბურგის, ჩინეთის, უკრაინის, თურქეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ უკვე 5 წელია, სტოკჰოლმსა და რიგაში იმართება, ხოლო საქართველოში ის პირველად ჩატარდა.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული პროექტი „ბარნის სმარტ ლაბირინთი” გამოავლინა. პროექტის ავტორია სამეცნიერო გუნდი „ობერტონი“.
მასში თბილისისა და ქუთაისის სკოლის მოსწავლეები სოფიო ჩიხლაძე, მარიამ გამრეკელაშვილი, ალექსანდრე ქაჯაია, გიორგი რიგიშვილი და იონა იობიძე მონაწილეობდნენ. შესაბამისად, მოსწავლეები NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან.
"ჩვენი გამოგონება ახალი და ინოვაციური ნაბიჯია მედიცინასა და ბიოლოგიაში, რადგან იგი საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ ახალი მედიკამენტის (პრეპარატის, სურსათის, საკვების, ჰაერის, თუ საკვების დაბინძურების და სხვ.) გავლენა მეხსიერებაზე და დავადგინოთ, რა ტიპის მეხსიერება აქვს საკვლევ ობიექტს“, - აცხადებენ პროექტის მონაწილეები.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთე წელია ტარდება. მისი მიზანია ახალგაზრდებში ინტერესის გამოწვევა და მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და ინოვაციების მიმართულებით.
წყარო: imedinews.ge